უმუშევრობა საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით 2018 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 12.7% იყო. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2019 წლის სოციოლოგიურმა კვლევამ კი აჩვენა, რომ მოსახლეობის 48% აქტუალურ საკითხად სწორედ სამუშაო ადგილების უკმარისობას და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას მიიჩნევს. ამ ორი ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავებული პროცენტული მაჩვენებლის შედარება გარკვეულ კითხვებს ბადებს. საინტერესოა, თუ რატომ არის ასეთი დიდი სხვაობა ოფიციალურ სტატისტიკასა და უმუშევრობის თემაზე ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების შედეგებს შორის.
უმუშევრობის პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ გზად არაერთი ქვეყანა პროფესიული განათლების განვითარებას მოიაზრებს. როგორც საერთაშორისო, ისე ქართულ ბაზარზეც კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური კადრის ნაკლებობაა.
საქართველოში პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში მრავალი ინიციატივა ხორციელდება, რომელიც პროფესიული განათლების სისტემის ევროპულ სისტემასთან გათანაბრებას უწყობს ხელს. 2019 წელს მთავრობამ „პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე" დადგენილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, განისაზღვრა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების სტანდარტი.
საქართველოს კარიტასი პროფესიული განათლების ხელშეწყობის კუთხით სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. იგეგმება მოკლევადიანი პროგრამების განხორციელება ექთნების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა და მომვლელების მომზადების მიზნით. კურსდანთავრებულები მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს, რაც ხელს შეუწყობს ბაზარზე მათ დასაქმებას.
საქართველოს კარიტასმა საექთნო განათლების განვითარების საკითხებზე მუშაობა წლების წინ დაიწყო. 2013 წელს გერმანულიდან ითარგმნა შინმოვლის პირველი სახელმძღვანელო, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან სასწავლო რესურსს პროფესიული სასწავლებლებისათვის. საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით, კარიტასმა შექმნა შინმოვლის სასწავლო მოდული, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით შეტანილია საექთნო განათლების სასწავლო პროგრამაში. 2014 წელს კერძო კოლეჯების ასოციაციასთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითად ორგანიზაციამ აიღო ვალდებულება ყოველწლიურად საექთნო მიმართულების 400 სტუდენტს ჩაუტაროს შინმოვლის სასწავლო კურსი. სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრში კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები არამარტო სამედიცინო სასწავლელბლების სტუდენტებისთვის, არამედ სამედიცინო დაწესებულებების პერსონალისათვისაც ტარდება.
პროფესიული განათლების სისტემის გაძლიერება მნიშვნელოვანი კომპონენტია ქვეყნის ეკონომიკის განსავითარებლად. საქართველოს მთავრობამ პროფესიული განათლების ხელშეწყობა ერთ-ერთ პრიორიტეტად განსაზღვრა და შეიმუშავა 2013-2020 პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგია, სადაც ძირითად მიზნად დასახულია შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი, მოქნილი პროფესიული საგანმანათლებლო ქსელის ჩამოყალიბება.
საექთნო განათლების განვითარების პროგრამას საქართველოს კარიტასი გერმანელი პარტნიორების დახმარებით ახორციელებს. პროფესიული განათლების საკითხებზე კიდევ ბევრია სამუშაო, ამიტომ კარიტასი მთავრობის მიერ 2019 წელს მიღებული „საექთნო საქმის განვითარების სტრატეგიის" სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების მხარდასაჭერად არაერთ ღონისძიებასა და აქტივობას გეგმავს.