„კარიტასი“ შინმოვლის ფასიან მომსახურებას იწყებს
 27/11/2018

საქართველოში დაახლოებით 185 000 ადამიანი გრძელვადიან ზრუნვას და მკურნალობას - შინმოვლას საჭიროებს. შესაბამისი მონაცემები 2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებშია ასახული. სახელმწიფო ფრაგმენტულად აფინანსებს სხვადასხვა ჯანდაცვის და სოციალური დახმარების პროგრამებს, ხოლო შინმოვლის მომსახურება არ შედის არც ერთ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამაში.

დღეისათვის, ბენეფიციარებს შინმოვლის მომსახურებას ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციები დონორების დახმარებით აწვდიან. თუმცა, ის ძირითადად სოციალურად დაუცველი თემისთვის არის განკუთვნილი. სერვისს მიღმა დარჩენილი მოსახლეობისთვის კვალიფიციური მომსახურების მისაწოდებლად, ორგანიზაცია „საქართველოს კარიტასი“ შინმოვლის ფასიან მომსახურებას ნერგავს.

როგორც „საქართველოს კარიტასის“ ჯანდაცვის პროგრამის მენეჯერი  გაიოზ ყუბანეიშვილი ამბობს, დღეისათვის, საერთო ჯამში შინმოვლის სერვისით ბენეფიციარების მხოლოდ 5 პროცენტი სარგებლობს (კარიტასი ერთ პროცენტს ფარავს), დანარჩენი კი კვალიფიციური სერვისის მიღმა რჩება - მათ მომსახურებას უწევენ ოჯახის წევრები ან მომვლელი, რასაც თან ერთვის არასათანადო სერვისი და მომსახურების დაბალი ხარისხი.

მომსახურების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად „საქართველოს კარიტასში“ მოქმედებს სამედიცინო პერსონალის პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა მკურნალობისა და ზრუნვის თანამედროვე მეთოდების შესწავლის მიზნით, რომელიც გერმანელი სპეციალისტების მიერ ხორციელდება. ექთნები იღებენ განათლებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ქრონიკული ჭრილობების მკურნალობა, კინესთეტიკა, რეაბილიტაცია. გარდა ამისა, „კარიტასი“ ახორციელებს საექთნო განათლების მხარდაჭერის პროექტს, რომელიც როგორც საექთნო პროგრამის სრულყოფას, ისე სტუდენტების სწავლებას ითვალისწინებს. ორგანიზაციის ინიციატივით, შემუშავდა შინმოვლის სასწავლო მოდული და ყოველწლიურად 400 სტუდენტი გადის პროგრამას პროფესიულ სასწავლებლებში.

სხვა სიახლეები
ტაჯიკეთის ტრენერთა ეროვნული გუნდის სტუმრობა
05.09.2023
საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამამ, ტაჯიკეთში გერმანიის კარიტასის წარმომადგენლობასთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ტაჯიკეთის ტრენერთა ეროვნულ გუნდს უმასპინძლა.
გორის შინმოვლის პროექტის ოფისში სტუმრობა
25.09.2023
საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მენეჯერი- გაიოზ ყუბანეიშვილი და ამავე პროგრამის ფსიქოლოგი- ლაშა დავითიძე გორის შინმოვლის პროექტის ოფისს ესტუმრნენ.
სამოქალაქო ფორუმი „ხანდაზმულთა ხელმისაწვდომობის გაზრდა სამედიცინო და სოციალურ სერვისებზე“
16.09.2023
15-16 სექტემბერს, სამოქალაქო ფორუმი „ხანდაზმულთა ხელმისაწვდომობის გაზრდა სამედიცინო და სოციალურ სერვისებზე“ გაიმართა. ფორუმი ეძღვნებოდა დმანისისა და გორის მუნიციპალიტეტებსა და დაბა კაზრეთში მცხოვრები ხანდაზმულების ისეთ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომლებსაც უფროსი თაობის წარმომადგენლები პირველადი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურებებით სარგებლობის პროცესში აწყდებიან.