მითები და რეალობა

 

ძველთაგანვე სიბერეს უძლურებას, სხვაზე დამოკიდებულებას, მეხსიერების და აზროვნების დაქვეითებას უკავშირებდნენ, რამაც სიცოცხლის ამ პერიოდის შესახებ საზოგადოებას საკმაოდ მყარი სტერეოტიპები ჩამოუყალიბა.

ერთ-ერთი ასეთი მითის თანახმად სიბერე - პათოლოგიური პროცესია. ფართოდ არის გავრცელებული აზრი, რომ ხანდაზმულ ასაკში გარდაუვალია გონებრივი დისფუნქცია, მისი რისკი მით უფრო მაღალია, რაც უფრო ხანდაზმულია ადამიანი. ამას ხსნიან იმით, რომ სიბერეში თავის ტვინი გარკვეულ დამახასიათებელ ცვლილებებს განიცდის, რაც აუცილებლად იწვევს დემენციას. თუმცაღა არცთუ ისე იშვიათია, როდესაც ხანდაზმულ ადამიანს შენარჩუნებული აქვს საღი აზროვნების უნარი, ის შემოქმედებით მუშაობას ეწევა და დიდ წარმატებებსაც აღწევს. ამასთან კარგად უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ხანდაზმულებს მაღალი რისკი აქვთ გონებრივი დისფუნქციის განვითარებისა გადატანილი სტრესების, დაავადებების, მოტივაციის დაკარგვის და უსარგებლობის შეგრძნების გამო. ამდენად სიბერეში ადამიანისთვის ადექვატური გარემოს შექმნა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მეთვალყურეობა გადამწყვეტი ფაქტორია მისი გონებრივი აქტიურობის შენარჩუნებისთვის.