პირველადი დახმარება წაქცევის დროს

ხანდაზმულებში მაღალია წაქცევის რისკი. ასეთ დროს სავალალო შედეგების თავიდან ასაცილებლად საჭიროა პირველადი დახმარების აღმოჩენა.
უპირველეს ყოვლისა:
• შეამოწმეთ სასიცოცხლო მაჩვენებლები, პულსი და სუნთქვა.
• შეამოწმეთ გონზეა თუ არა დაზარალებული, შეეხეთ მხრებზე, ოდნავ შეანჯღრიეთ და ჰკითხეთ, რა მოხდა. რეაქციის არქონა ნიშნავს, რომ ავადმყოფი უგონოდაა. ასეთ შემთხვევაში გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.
• თუ დაზარალებული უგონოდაა, დააწვინეთ გვერდზე და გაუსწორეთ თავი - ეს სუნთქვას გაუადვილებს და პირღებინების შემთხვევაშიც გაგუდვისგან დაიცავს.
• ძლიერი სისხლდენის დროს, შეეცადეთ დამწოლი ნახვევით ან ხელის დაჭერით შეაჩეროთ სისხლდენა. კიდურებიდან სისხლდენის დროს საჭიროა კიდურის ზემოთ წამოწევა. ასეთ პოზაში კიდურებს სისხლი ნაკლებად მიეწოდება.
• თუ დაზარალებული გონზეა, ჰკითხეთ, სად გრძნობს ტკივილს. ტკივილის შემთხვევაში არ გადააადგილოთ იგი, ზემოდან დააფარეთ და თავქვეშ ბალიში ამოუდეთ.
• წელის დაზიანებისას მაქსიმალურად შეეცადეთ, პაციენტმა მდგომარეობა არ შეიცვალოს. თუ წელის ტკივილთან ერთად დაზარალებული კიდურებს ვერ გრძნობს, ეჭვი მიიტანეთ ხერხემლის დაზიანებაზე.
• წაქცევის შედეგად გამოწვეული ძლიერი ტკივილი, კიდურების არაბუნებრივი მდგომარეობა, დეფორმაცია, შეშუპება და მოძრაობის შეზღუდვა (მაგალითად, წაქცევის შემდეგ დაზარალებულს ხელი არაბუნებრივად უდევს), მიგვანიშნებს მოტეხილობაზე.
• დაზარალებული უნდა დავაწვინოთ მოხერხებულად. მოტეხილობა რომ არ გართულდეს, შეგიძლიათ დაზიანებული კიდური (გადაუდებელი დახმარების აფთიაქში არსებული საშუალებებით) დააფიქსიროთ.
• სასწრაფო დახმარების მოსვლამდე აკონტროლეთ დაზარალებულის სუნთქვა, პულსი, კანის ფერი და გონება.
• თავის არეში მიღებულმა ტრავმამ შეიძლება ტვინის შერყევა გამოიწვიოს, რასაც მოსდევს გონების დაკარგვა, თავის ტკივილი, უეცარი დაღლილობისა და გულისრევის შეგრძნება.ამ დროს კარგია ცივი საფენი.
• დაზარალებული გადაიყვანეთ სტაციონარში ან გამოიძახეთ ექიმი.