ავადმყოფის საწოლის მოწყობა

მწოლიარე ავადმყოფის მოვლის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ავადმყოფის საწოლის მოწყობას.
ავადმყოფის საწოლს უნდა ჰქონდეს შემდეგი ატრიბუტები:
• ორი ბალიში - მხრებისა და წელის დასაფიქსირებლად;
• თავქვეშ დასადები ბალიში;
• წყალგაუმტარი ქვეშსაგები, რომელიც ავადმყოფის საწოლში დაბანის დროს ლეიბს იცავს დასველებისგან;
• საწოლის თეთრეული, რომლის გამოხარშვაც შესაძლებელია (ძირითადად იმ ავადმყოფებისთვის, რომელთაც გამოყოფის შეუკავებლობა აწუხებთ;
• მსუბუქი საბანი, რომელიც ფეხის ტერფს მძიმედ არ აწვება.
საწოლის თეთრეული ყოველთვის მშრალი და გადაჭიმული უნდა იყოს. უმჯობესია, იხმაროთ ლეიბზე გადასაკრავი ზეწარი, რადგან ის არ ჩაცურდება. დაკვირვებით გაასწორეთ ბალიში, საბანი და ზეწარი - ნაკეცები არ ჰქონდეთ, რათა ავადმყოფს შემდგომ ნაწოლები არ გაუჩნდეს.
ზოგჯერ საჭიროა ავადმყოფის საწოლის შეცვლა და მისი სპეციალურად შერჩეულ საწოლში გადასვლა, რაც ხშირად დისკომფორტთან არის დაკავშირებული. „მე ჩემს საწოლში მირჩევნია, არ მინდა სხვა საწოლში გადასვლა"- არის მისი არგუმენტები... ნურც თქვენ დაიჟინებთ - ანგარიში გაუწიეთ ავადმყოფს და სცადეთ მასთან მოლაპარაკება. მსგავს შემთხვევაში, ავადმყოფს ძველ საწოლზე ჩაუტარეთ პროცედურები და დაარწმუნეთ, რომ ასეთ პირობებში ძნელია მისი მოვლა.
შესაძლებელია ავადმყოფს არც დასჭირდეს საწოლის შეცვლა, თუკი მისი საწოლი სრულფასოვანი მოვლისთვის საჭირო გადაკეთების საშუალებას იძლევა. მაგალითად, საწოლს შეიძლება დაუმონტაჟდეს სიმაღლის მარეგულირებლები - ბალიშები, საბანი, ე.წ „საწოლის კიბე", რაც ავადმყოფს წამოჯდომას გაუადვილებს.